საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს ელჩმა ლატვიის პრეზიდენტს რწმუნებათა სიგელები გადასცა

30 ოქტომბერს, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ლატვიის რესპუბლიკაში, თეა მაისურაძემ რწმუნებათა სიგელები გადასცა ლატვიის პრეზიდენტს, რაიმონდს ვეიონისს. პრეზიდენტის სასახლეში გამართული ოფიციალური ცერემონიის შემდეგ გაიმართა შეხვედრა. 

შეხვედრაზე ლატვიის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა საქართველოს და ლატვიას შორის არსებული მეგობრული ურთიერთობების ხანგრძლივ ტრადიციას, ისაუბრა ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური და ეკონომიკური მიმართულებით ჩამოყალიბებულ მჭიდრო თანამშრომლობაზე. 

რაიმონდს ვეიონისმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა ლატვიის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. მან ხაზი გაუსვა, რომ ლატვია კვლავაც გააგრძელებს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების და ქვეყანაში შესაბამისი რეფორმების გატარების მხარდაჭერას. პრეზიდენტმა დადებითად შეაფასა საქართველოს მჭიდრო თანამშრომლობა ნატო-სთან და მისი აქტიური მონაწილეობა ნატოს- სამშვიდობო მისიებში. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მიმდინარე წელი როგორც ლატვიისთვის, ასევე საქართველოსთვის საიუბილეო წელია. ორივე ქვეყანა აღნიშნავს რესპუბლიკის გამოცხადების 100 წლისთავს. მიმდინარე წელს ასევე აღინიშნება ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავი. 

თეა მაისურაძემ მადლობა გადაუხადა პრეზიდენტს საქართველოს მხარდაჭერისათვის, განსაკუთრებით ქვეყნისათვის ისეთ მნიშვნელოვან საკითხებში, როგორიც არის რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარება და ინტეგრაცია ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში. დაფიქსირდა, რომ რუსეთ-საქართველოს კონფლიქტი და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება კვლავ რჩება უდიდეს გამოწვევად, რომლის მოგვარება უნდა მოხდეს დიპლომატიური გზით, საერთაშორისო საზოგადოების კონსოლიდირებული მხარდაჭერით და ჩართულობით. ელჩის მიერ აღინიშნა, რომ მიმდინარე რუსული ოკუპაციის პირობებში, საქართველო მაინც აგრძელებს განვითარების პროცესს და ევროპულ და ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციისთვის საჭირო რეფორმების წარმატებით გატარებას. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავება, მათ შორის, ტურიზმის სფეროში. საუბარი ასევე შეეხო თავდაცვის, კულტურისა და განათლების სფეროში თანამშრომლობასთან დაკავშირებულ საკითხებს. 

შეხვედრის ბოლოს საქართველოს ელჩმა კიდევ ერთხელ გამოხატა მადლიერება ლატვიის რესპუბლიკის მხარდაჭერასთან დაკავშირებით და მადლობა გადაუხადა ლატვიურ მხარეს თბილი მიღებისათვის. ლატვიის პრეზიდენტმა წარმატებები უსურვა ელჩს მომავალ საქმიანობაში. 


Occupied Territories of Georgia

eVISA portal