ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

საქართველო-ლატვიის ეკონომიკური კომისიის მე-3 სხდომა რიგაში

2017 წლის 17 მარტს ქ. რიგაში გაიმართა საქართველო-ლატვიის ერთობლივი მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის მე-3 სხდომა. კომისიის ორდღიან სხდომას საქართველოს მხრიდან თანათავმჯდომარეობდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითრების მინისტრი გიორგი გახარია, ხოლო ლატვიის მხრიდან, რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი, ეკონომიკის მინისტრი არვილს აშერადენსი. კომისიის სხდომის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს ასევე საქართველოს სხვადასხვა უწყებების ხელმძღვანელმა პირებმა და წარმომადგენლებმა, მათ შორის - ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გენადი არველაძემ, საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ თეიმურაზ მურღულიამ, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ რევაზ ჯაველიძემ, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ, „საქპატენტის“ თავმჯდომარემ ნიკოლოზ გოგილიძემ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორმა ალექსანდრე ხვთისიაშვილმა, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსმა თორნიკე ნოზაძემ და სხვა. კომისიის მუშაობაში ასევე მონაწილეობა მიიღეს ლატვიის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩმა თეიმურაზ ჯანჯალიამ და საელჩოს წარმომადგენლებმა. კომისიის ფარგლებში, მხარეებმა ორი ქვეყნის ეკონომიკის სფეროში განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებთან დაკავშირებით იმსჯელეს. მიმოიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის კუთხით არსებული თემები, ასევე განიხილეს თანამშრომლობის პერსპექტივები ისეთ სფეროებში, როგორიცაა - ტურიზმი, ვაჭრობა და ინვესტიციები, ტრანსპორტი, ენერგეტიკა, გარემოს დაცვა, სოფლის მეურნეობა, ინტელექტუალური საკუთრების დაცვა, ინოვაციები და ტექნოლოგიები, განათლება და სხვა. მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს ტურიზმის სფეროში გამოცდილების გაზიარებას და აღინიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიის სხდომების რეგულარულად ჩატარება ხელს შეუწყობს საქართველოსა და ლატვიას შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებას სახელმწიფო და კერძო სექტორის დონეზე. აღინიშნა, რომ კომისიის ფარგლებში თანამშრომლობა ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის სოფლის მეურნეობის სფეროში ურთიერთობების გაღრმავებას და საქართველოში ევროპული სტანდარტების დანერგვას. თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები მოიცავს: სოფლის მეურნეობის განვითარება, სურსათის უვნებლობა, ვეტერინარია, მცენარეთა დაცვა და ა.შ. სხდომაზე ხაზი გაესვა განათლებისა და მეცნიერების სფეროში ორმხრივი ურთიერთობების განვითარების პოზიტიურ დინამიკას და სამომავლო თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების შესაძლებლობებს. მათ შორის, ხაზი გაესვა უმაღლეს სასწავლებლებს შორის პირდაპირი კონტაქტების დამყარების, მეცნიერების სფეროში ერთობლივი პროექტების საშუალებით ევროკავშირის კვლევით პროგრამებში მონაწილეობისა და პროფესიული განათლების სფეროში თანამშრომლობის მნიშვნელობას. კომისიის ფარგლებში ქართულმა მხარემ ინტერესი გამოხატა, გააღრმაოს თანამშრომლობა და გაიზიაროს ლატვიის საუკეთესო გამოცდილება სპორტისა და ახალგაზრდობის სფეროებში, მათ შორის: სპორტულ ღონისძიებებზე უსაფრთხოების უზრუნველყოფის, სპორტულ შეჯიბრებებზე ძალადობის გამოვლინებების აღმოფხვრის, დოპინგის გამოყენების წინააღმდეგ ბრძოლის, მასობრივი სპორტის განვითარების, ასევე ახალგაზრდული საქმიანობის, განსაკუთრებით მუნიციპალური ახალგაზრდული საქმიანობის მიმართულებით. სხდომის დასასრულს გიორგი გახარიამ და არვილს აშერადენსმა ხელი მოაწერეს საქართველო-ლატვიის ერთობლივი მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის მე-3 სხდომის ოქმს.

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30            

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ