ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

რიგაში საქართველოს საელჩოს მონაწილეობა ევროპის დღის ღონისძიებაში

2017 წლის 9 მაისს, ევროპის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, ლატვიაში ევროკომისიის წარმომადგენლობის ინიციატივით და ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელშეწყობით, ლატვიაში საქართველოს საელჩომ გამართა ღია კარის დღე. აღსანიშნავია, რომ ხსენებულ ღონისძიებებში საქართველოს საელჩო უკვე მეორედ მონაწილეობს (პირველად საელჩომ ევროპის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში, ღია კარის დღე გამართა 2016 წლის 9 მაისს.) ხსენებულ ღონისძიებებში ასევე მონაწილეობა მიიღეს ლატვიაში ევროკავშირის წევრი ქვეყნების და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების საელჩოებმა. საქართველოს საელჩომ უმასპინძლა 47 ვიზიტორს, სამ ჯგუფად: I ჯგუფი - ქ. ოგრეს ტექნიკური სასწავლებლის დამამთავრებელი კლასის 17 მოსწავლე. II ჯგუფი - ქ. რიგის საღამოს გიმნაზიის დამამთავრებელი კლასის 15 მოსწავლე. III ჯგუფი - ლატვიის ნაუკშენის რეგიონის საშუალო სკოლის დამამთავრებელი კლასის 15 მოსწავლე. მოწვეული სტუმრები პრეზენტაციების სახით გაეცნენ საქართველოს ისტორიისა და გეოგრაფიის შესახებ ინფორმაციას, ასევე ქართულ კულტურას და საინტერესო ფაქტებს საქართველოს შესახებ. საუბარი შეეხო ევროპულ და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს. ევროინტეგრაციის კუთხით აღინიშნა საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის ძალაში შესვლა. მოწვეული სტუმრები ასევე გაეცნენ საელჩოს საქმიანობის ძირითად მიმართულებებს. პრეზენტაციის შემდგომ გაიმართა დისკუსია კითხვა-პასუხის რეჟიმში. პრეზენტაციების დასასრულს საელჩო სტუმრებს გაუმასპინძლდა ქართული ლიმონათით, ბორჯომით და ტკბილეულით. მათ ასევე საჩუქრად გადაეცათ ბროშურები და ტურისტული ბუკლეტები საქართველოს შესახებ. აღსანიშნავია, რომ ამავე დღეს, წელს პირველად საქართველოს საელჩომ ასევე მონაწილეობა მიიღო ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროში ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაშიც. კერძოდ, სამინისტროს ფოიეში, სხვა ქვეყნების საელჩოებთან ერთად, საქართველოს საელჩოს მიერ განთავსდა ქართული სტენდი, საქართველოს სარეკლამო და ტურისტული ბანერები და საინფორმაციო მაგიდა, სადაც საელჩოს წარმომადგენელმა გააცნო ვიზიტორებს საქართველოს ისტორია, ქართული კულტურა, საინტერესო ფაქტები საქართველოს შესახებ და ტურისტული ღირსშესანიშნაობები. მსურველებს საჩუქრად გადაეცათ საქართველოს ტურისტული ბროშურები და ასევე ჟურნალები „საქართველოს ევროპული გზა“. ღონისძიების დასასრულს, საელჩოების წარმომადგენლებსა და მოწვეულ სტუმრებს მიესალმა ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროს საპარლამენტო მდივანი ქალბატონი ზანდა კალნინა- ლუკაშევიცა და მადლობა გადაუხადა საელჩოებს ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში აქტიურად მონაწილეობისათვის. ამასთან, ღონისძიების ორგანიზატორების მხრიდან აღინიშნა, რომ ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროში, საქართველოს საელჩოს მიერ განთავსებული ქართული სტენდი იყო ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული.

#Eiropasdiena #atvertodurvjudiena #EU60 #daudzlaimesEiropa

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ