ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

პრემიერის გამოსვლა გაერო-ს გენერალური ასამბლეის 72-ე სესიაზე

ბატონო პრეზიდენტო,

პატივცემულო დელეგატებო,

ქალბატონებო და ბატონებო,

პირველ რიგში, ნება მომეცით, მივუსამძიმრო და თანადგომა გამოვუცხადო ბოლო დღეებში ჩრდილოეთ ამერიკაში მომხდარი სტიქიური უბედურებების გამო დაზარალებულებს - ქარიშხლებმა უდიდესი ზიანი მიაყენა კარიბის ზღვის კუნძულ-ქვეყნებს და ამერიკის შეერთებული შტატების ზოგიერთ რეგიონს, ხოლო მიწისძვრამ კატასტროფა გამოიწვია მექსიკაში. ამ ძნელბედობის ჟამს ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ ამ ქვეყნების მთავრობებსდა ხალხს. არც ერთი ქვეყანა, მათ შორის საქართველო, არ არის დაზღვეული სტიქიისგან. ასეთ დროს კი სოლიდარობა აძლიერებს განსაცდელში მყოფ ქვეყნებს.

თქვენო აღმატებულებავ,

ჩემთვის, ისევე როგორც ჩემი თანამემამულეებისთვის, საამაყოა, რომ დღეს თქვენ წინაშე გამოსვლის პატივი მერგო. გზავნილი, რომლის გაჟღერებაცდღეს მე მომანდეს, მათ პირადად აქვთ განცდილი და შესისხლხორცებული.

ეს გზავნილი, მათი გზავნილი მარტივი და გულწრფელია. ჩვენი სტრატეგიის ცენტრში საქართველოს მოქალაქეები არიან და ამით ჩვენ ვცდილობთ ჩვენი დემოკრატიული ინსტიტუტების შემდგომ გაძლიერებას და მშვიდობისა და სწრაფი ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფას. ესენია მდგრადი განვითარების არსებითი ელემენტები, რომლებიც გვაკავშირებს ჩვენს პარტნიორებთან რეგიონსა და მთელ მსოფლიოში.

წელს აღინიშნება გაეროში საქართველოს გაწევრიანების 25-ე წლისთავი. ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენ წარმატებით გარდავქმენით ჩვენი ქვეყანა გაეროს ჰუმანიტარული დახმარების მიმღებიდან წამყვან რეფორმატორად, რომელიც ახლახან აირჩიეს ღია მმართველობის პარტნიორობის თავმჯდომარედ.

ამ მოვალეობის შესრულებას საქართველო იწყებს იმავე ხედვით, რომლითაც ჩვენ ვხელმძღვანელობთ შინ  -ყურადღების ცენტრში ყოველთვის მოქალაქეები არიან.

საქართველოს თავმჯდომარეობის პერიოდში ღია მმართველობის პარტნიორობა შეუწყობს ხელს გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევას. ეს განსაკუთრებით ეხება მე-16 მიზანს, ეს არისმშვიდობიანი და ინკლუზიური საზოგადოების ჩამოყალიბების ხელშეწყობა მდგრადი განვითარებისათვის, მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობა ყველასათვის, ეფექტიანი, ანგარიშვალდებული და ინკლუზიური ინსტიტუტების მშენებლობა.

ეროვნულ სტრატეგიებად მათი გარდაქმნის გზით მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევისას იკვეთება თავად გაეროს ინსტიტუციური რეფორმის აუცილებლობა და გენერალური მდივნის, გუტიერეშის ახალი ხედვის მხარდაჭერის საჭიროება, რომელიც ასახულია ჩვენ მიერ ახლახან ხელმოწერილ დეკლარაციაში.

შარშან ჩემს გამოსვლას თქვენ წინაშე საქართველოში საარჩევნო პერიოდი დაემთხვა დაჩვენმა ხალხმა კიდევ უფრო დიდი ნდობა გამოგვიცხადა, რათა წარვუძღვეთქვეყანას.

ჩვენმა ხალხმა დაინახა ორი რამ - ჩვენ სერიოზულად ვეკიდებით დემოკრატიულ უფლებებსა და უსაფრთხოებას როგორც ჩვენი პოლიტიკის მთავარ მამოძრავებელ ძალას; ისინი დარწმუნდნენ, რომ ჩვენ ვთავაზობთ შემდგომი რეფორმების მკაფიო გზას.

ჩვენი მოქალაქეები კარგად შეიგრძნობენ იმას, რასაც დამოუკიდებელი საერთაშორისო ინსტიტუტები ასე მკაფიოდ აცხადებენ.

ბოლო ხუთი წლის განმავლობაში საქართველოს პოზიციები გაუმჯობესდა ყველა საერთაშორისო რეიტინგის მიხედვით.

Fraser Institute-ის მსოფლიოეკონომიკური თავისუფლების ინდექსის თანახმად, საქართველო მე-5 ადგილზეა მსოფლიოში.

ჩვენ სასტიკი ბრძოლა გამოვუცხადეთ კორუფციას. Heritage Foundation-ის 2017 წლის რეიტინგის თანახმად, კორუფციისგან თავისუფლების კატეგორიაში საქართველო 31-ე ადგილზეა, ანუ მისი პოზიციები 38 ადგილით გაუმჯობესდა 2012 წელთან შედარებით. იმავეს ადასტურებს Transparency International-ის 2016 წლის მონაცემები - საქართველო პირველ ადგილზეა რეგიონში.

ჩვენ პრიორიტეტს ვანიჭებთ კერძო საკუთრების დაცვას. მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის 2016-2017 წლების გლობალური კონკურენტუნარიანობის ანგარიშის თანახმად, 2012 წლის შემდეგ საქართველოს პოზიციები 77 პუნქტით გაუმჯობესდა.

ჩვენ ურყევად ვიცავთ მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობას. ამ მხრივ, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის თანახმად, ჩვენი პოზიციები 28 პუნქტით გაუმჯობესდა და დღეს ჩვენ 63-ე ადგილზე ვართ მაშინ, როცა სულ ახლახან 91-ე ადგილზე ვიყავით.

რაც შეეხება სამართალდაცვასა და ფიზიკურ უსაფრთხოებას, ამ უმნიშვნელოვანეს სფეროებს, მსოფლიო ბანკისმონაცემებით, ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის კატეგორიაში საქართველომ 67-ე ადგილიდან 26-ე პოზიციაზე გადაინაცვლა,გაუმჯობესება 41 ადგილით.

ეს არ გახლავთ კოსმეტიკური ცვლილებები. ჩვენ დავპირდით ჩვენს ხალხს, რომ შემოვიღებდით საპარლამენტო სისტემას დაგავაუმჯობესებდით ჩვენს კონსტიტუციას საუკეთესო ევროპული სტანდარტების შესაბამისად. გარდა იმისა, რომ ახალი კონსტიტუციის პროექტში აღმოფხვრილია მოქმედ კონსტიტუციაში არსებული ბევრი შეუსაბამობა, მასში ასევე ასახულია ისეთი ახალი, პროგრესული ინიციატივა, როგორიცაა ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლება, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებები, ინტერნეტის ხელმისაწვდომობის უფლება, გარემოს დაცვა და ბევრი სხვა, რაც პასუხობს ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს.ამ გადაწყვეტილებებში ასახულია ქართველთა მისწრაფებები ევროკავშირისა და ნატოს სრულფასოვანი წევრობისკენ.  ყოველივე ამას ქართველები ისტორიულ კანონზომიერებად აღიქვამენ, რადგანაც საქართველო უკვე დიდი ხანია ევროპის ფართო კულტურული და ისტორიული სურათის განუყოფელი ნაწილია. 

საკონსტიტუციო რეფორმის პარალელურად, ჩვენ, სწრაფი ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფის მიზნით, დავიწყეთ ჩვენი 4-პუნქტიანი რეფორმების გეგმის განხორციელება.

ჩვენ წამოვიწყეთ განათლების სფეროს ამბიციური რეფორმა, რათა ერთმანეთს დავუკავშიროთ განათლების სისტემა და ინდუსტრია, რათა განვავითაროთ მოთხოვნაზე დაფუძნებული უმაღლესი და პროფესიული განათლება და გავაუმჯობესოთ ჩვენი სამუშაო ძალის ეკონომიკური უნარები და შესაძლებლობები.

ნოვატორ საზოგადოებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ჩვენი ნიჭიერი ახალგაზრდების წარმატებისთვის. ჩვენ ვაგრძელებთ შემდგომ ინვესტიციებსა და შრომას ჩვენი ეროვნული ეკოსისტემის სასიკეთოდ, რათა მოხდეს მისი ინტეგრაცია გლობალურ ეკოსისტემაში და ჩვენს ნოვატორებს გაეხსნათ მსოფლიო ბაზრებისკენ მიმავალი გზები.

ჩვენმა წინდახედულმა მაკროეკონომიკურმა პოლიტიკამ საფუძველი ჩაუყარა ჩვენს წარმატებას ჩვენი რეგიონის ტურბულენტურ ეკონომიკურ გარემოში. მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის გლობალური კონკურენტუნარიანობის ანგარიშის თანახმად, საქართველოს პოზიცია 97 ადგილით გაუმჯობესდა 2012 წელთან შედარებით. ამ თვეში Moody’s მონაცემებით, საქართველოს სუვერენული კრედიტის რეიტინგი გაუმჯობესდა და გადაინაცვლა Ba2კატეგორიაში, რაც იმის დასტურია, რომ ქვეყანამ წარმატებით დაძლია 2014-2016 წლების რეგიონული შოკი.

საქართველოში ინვესტირების წახალისების მიზნით, ჩვენ განვახორცილეთ ამბიციური საგადასახადო რეფორმა, რომელიც გულისხმობს მოგების გადასახადის გაუქმებასგაუნაწილებელ შემოსავლებზე და საგადასახადო ადმინისტრირების სისტემის ლიბერალიზაციას. ჩვენი მოლოდინით, წელს მიღწეული იქნება 5-პროცენტიანი ეკონომიკური ზრდა, ხოლო შემდგომ წლებში 7-პროცენტიანი და კიდევ უფრო მეტი ზრდა.

ჩვენ მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი საქართველოს ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება. ამას უდიდესი მნიშვნელობა აქვს საქართველოს მიერ თავისი გეოსტრატეგიული ინტერესების გატარების საქმეში, რაც გულისხმობს ქვეყნის გარდაქმნას ბიზნესის წარმოების რეგიონულ ცენტრად, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს აღმოსავლეთსა და დასავლეთს. ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს მომსახურებისსწრაფი მიწოდების უზრუნველსაყოფად ისეთ სფეროებში, როგორიცაა ტურიზმი და ლოგისტიკა, ასევე - პროდუქციის მისაწოდებლად ბაზარზე. ჩვენ ამას ვუყურებთ როგორც სამუშაო ადგილების შექმნისა და მოქალაქეთა სიღარიბიდან ამოყვანის ძლიერ საშუალებას. ჩვენ შევთანხმდით მსოფლიო სავალუტო ფონდთან ერთად მრავალწლიანი პროგრამის განხორციელებაზე და უზრუნველვყავით სხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიერ რამდენიმე მილიარდი დოლარის ღირებულების პროექტების დაფინანსება.

საქართველომ, უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად, ხელი მოაწერა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას (ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის ჩათვლით) და მიაღწია ევროკავშირთან ვიზების ლიბერალიზაციას. იმავდროულად, საქართველო გახდა პირველი ქვეყანა რეგიონში, რომელმაც ხელი მოაწერა ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას. ერთი მხრივ, ჩვენ ვახორციელებთ ინტეგრაციას ევროკავშირის შიდა ბაზარზე და, მეორე მხრივ, ვიზიდავთ აზიის ბაზრებს, რაც აძლევს საქართველოს შესაძლებლობას, სრულად გამოიყენოს თავისი თავისუფალი ვაჭრობის ქსელები ჩვენი დროის ამ ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო წამოწყებაში.

ჩვენ წვლილი შეგვაქვს ინიციატივაში „ერთი სარტყელი - ერთი გზა“, რომელიც ხელს შეუწყობს ევროპასა და აზიას შორის მაღალი ღირებულების პროდუქციითა და მომსახურებით ვაჭრობაში და მნიშვნელოვნად შეამცირებს გადაზიდვებისათვის საჭირო დროს ევრაზიის პერიფერიის შემოვლით, ტრადიციულ საზღვაომარშრუტებთან შედარებით.

ამ დიდი წამოწყების ფარგლებში, აზია და ევროპა შეხვდებიან ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის პროექტის მეშვეობით, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ თურქ და აზერბაიჯანელ პარტნიორებთან ერთად, ასევე საქართველოს შავი ზღვისპირეთში, უმაღლესი სტანდარტების შესაბამისად აშენებული ანაკლიის პორტის მეშვეობით. ანაკლიისღრმაწყლოვანპორტსშეეძლება ყველაზე დიდი ტევადობის გემების მიღება, რაც ბევრად გაზრდის საქართველოს სატრანზიტო შესაძლებლობებს. ამ პორტს ააშენებს პროექტის რამდენიმე საერთაშორისო მონაწილე და მისი ოპერატორი იქნება ცნობილი ამერიკული კომპანია.

დღეს მიწისზედა ტრანსპორტით აღმოსავლეთ აზიიდან საქართველოში ჩამოსვლა შესაძლებელია 10-ზე ნაკლები დღის განმავლობაში, ხოლო ჩვენგან ევროპის ნებისმიერ პორტში ხუთ დღეში ჩახვალთ. ჩვენ ვაშენებთ ყველაზე ეფექტიანმულტიმოდალურ სატრანზიტო ინფრასტრუქტურას და ეს ინფრასტრუქტურა უზრუნველყოფსშესაბამის კავშირებსა და პროცესებს,აგრეთვე განამტკიცებს ურთიერთობებს სახელმწიფოებსა და მოქალაქეებს შორის ევროპიდან აზიამდე. ეს არის ურყევი და არსებითი კავშირი საქართველოს მოქალაქეებისათვის ეკონომიკური სტაბილურობის უზრუნველყოფასა და რეგიონში კეთილდღეობისა და მშვიდობის განმტკიცებას შორის.

გამოწვევებით, მიმდინარე და გაყინული კონფლიქტებით, სახელმწიფოთა და სხვათა მხრიდან აგრესიით აღსავსე დღევანდელ მსოფლიოში არც საქართველოა გამონაკლისი.  და აქაც ჩვენი პოლიტიკის ცენტრში ჩვენი მოქალაქეები დავაყენეთ. გაეროს წევრებმა კარგად იციან, რომ რუსეთის ფედერაცია აგრძელებს საქართველოს სუვერენული ტერიტორიის ორი ისტორიული რეგიონის ოკუპაციას, რითაც არღვევს არაერთ საერთაშორისო ვალდებულებას, რომელიც მას აკისრია, მათ შორის, უშიშროების საბჭოსა და გაეროს გენერალური ასამბლეის ათობით რეზოლუციას.

2017 წლის დასაწყისში რუსეთის ფედერაციამ გაააქტიურა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ოკუპაციისა დაფაქტობრივი ანექსიის პოლიტიკა. მან გააფორმა ე.წ. „შეთანხმებები ინტეგრაციის შესახებ“ და ხელი მოაწერა „ხელშეკრულებებს“ დე-ფაქტო ხელისუფლებებთან, რათა რუსეთის სამხედრო, პოლიტიკურმა, ეკონომიკურმა და სოციალურმა სისტემებმა შთანთქან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები. მოსკოვმა გაააქტიურა საქართველოს ორივე ოკუპირებული რეგიონის მილიტარიზაცია.

რუსეთის ფედერაციამ გაააქტიურა საოკუპაციო ხაზების განმტკიცება მავთულხლართების, სანგრების, ე.წ. სასაზღვრო ნიშნულებისა და სხვა ხელოვნური ბარიერების მეშვეობით. მავთულხლართები კი ზოგიერთის კარ-მიდამოს უბრალოდ შუაზე ჰყოფს.

დაუცველი ჯგუფები, რომლებიც აქამდე, მაგალითად, სამედიცინო დახმარების მისაღებად, ან ბავშვები, რომლებიც დღეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე აკრძალულ მშობლიურ ქართულ ენაზე განათლების მისაღებად გადმოდიოდნენ მეორე მხარეს, დღეს ამას ვეღარ ახერხებენ, რადგან ე.წ. გადამკვეთი პუნქტები დაიხურა. ამასობაში კი, რუსეთი აგრძელებს მოძრაობაზე რეაგირებისა და სხვა სახის ტექნოლოგიების გამოყენებას, რათა მოიპოვოს სრული კონტროლი მთლიანად საოკუპაციო ხაზების გაყოლებაზე.

საქართველო მტკიცედ ემხრობა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებას. საქართველოს მთავრობა ზედმიწევნით ასრულებს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ევროკავშირის შუამდგომლობით ხელმოწერილი შეთანხმების პირობებს. მან არაერთხელ დაადასტურა ძალის არგამოყენების შესახებ დებულების ერთგულება. რუსეთისგან საპასუხო მოქმედებას ადგილი ჯერ არ ჰქონია.

საქართველოს მუდმივი ძალისხმევა, რომელიც მიმართულია კონფლიქტის მოგვარების მშვიდობიანი გზების მოძიებისკენ, დამოწმებულია არაერთი ქვეყნისა თუ საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ. მინდა მადლობა გადავუხადო მსოფლიო ლიდერებს, რომლებიც გაეროს მაღალი ტრიბუნიდან ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ საჭიროა დაჩქარდეს კონფლიქტებისმშვიდობიანი გზით  მოგვარება, და კიდევ ერთხელ ადასტურებენ, რომ მხარს უჭერენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს.

ყოველ წელს გაეროს გენერალური ასამბლეა იღებს რეზოლუციას, სადაც კიდევ ერთხელ აცხადებს იძულებით გადაადგილებულ პირთა და ოკუპირებული რეგიონებიდან ლტოლვილთა უფლებას, დაბრუნდნენ შინ. საქართველო მადლობას მოახსენებს გაეროს ამ მხარდაჭერისთვის, მაგრამ ყოველივე ეს ჯერ ვერ იქცა რეალობად ასობით ათასი ჩემი თანამემამულისთვის, რომლებიც მოუთმენლად ელიან შინ დაბრუნებას და მაინც ვერ ბრუნდებიან მხოლოდ იმიტომ, რომ გაეროს მხოლოდ ერთი წევრი სახელმწიფო უარს ამბობს თავისი საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებაზე.

საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს საოკუპაციო ხაზის მეორე მხარეს მცხოვრებ ჩვენს თანამოქალაქეებთან ნდობის აღდგენის ახალ ინსტრუმენტებს.ჩვენი მტკიცე გადაწყვეტილებაა, მივაწოდოთ საქართველოს ევროპული დღის წესრიგის ყველა სარგებელი საოკუპაციო ხაზების მეორე მხარეს მცხოვრებ მოქალაქეებს.ჩვენი ინიციატივების არსებითი პაკეტი ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებთათვის იძლევა ადმინისტრაციული გამყოფი ხაზებისგადაკვეთითსავაჭრო შესაძლებლობებს და უზრუნველყოფს გლობალურ ბაზრებზე საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შესაძლებლობების ხელმისაწვდომობას. ჩვენ ვთავაზობთ მათ ჯანდაცვას, განათლებას და სხვა სოციალურ სარგებელს.

თავად ჩვენ წინაშე მდგარი გამოწვევების მიუხედავად, საქართველოს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაში. ჩვენს პარტნიორობას ამერიკის შეერთებულ შტატებთან უდიდესი მნიშვნელობა აქვს ჩვენი განვითარებისა და სტაბილურობისთვის და ჩვენი მიზანია ამ სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავება. ევროკავშირი თავის გლობალურ სტრატეგიაში აღიარებს საქართველოს წარმატებას, როგორც აყვავებულ, მშვიდობიან და სტაბილურ დემოკრატიას და თავის სამეზობლოში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წვლილის შემტანს.

ჩვენ ვაგრძელებთ აქტიურ მონაწილეობას საერთაშორისო ოპერაციებში, ავღანეთის ჩათვლით, ასევე ევროპის კრიზისების მართვის ოპერაციებში ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკასა და მალიში.

2014 წელს საქართველო გახდა ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ მებრძოლი კოალიციის წევრი და შეუერთდა სამ შესაბამის სამუშაო ჯგუფს - ფინანსირების წინააღმდეგ, გზავნილების წინააღმდეგ და უცხოელი ტერორისტების წინააღმდეგ მოქმედ ჯგუფებს. საქართველო შეუერთდა გაეროს 14 ანტიტერორისტულ კონვენციას, ასევე ევროპულ კონვენციას ტერორიზმის აღკვეთის შესახებ და პირნათლად ასრულებს თავის ვალდებულებებს.

საქართველო იზრდება. საქართველო არის სიცოცხლით სავსე. საქართველო მტკიცეა გამოწვევებთან ბრძოლაში. საქართველო ასრულებს თავის ვალდებულებებს. და ეს იმიტომ, რომ საქართველოს მისი მოქალაქეები შეადგენენ. მათ ცენტრალური ადგილი უჭირავთ საქართველოს მთავრობის პოლიტიკაში და ეს მუდამ ასე იქნება.

საქართველომ ხელი გაუწოდა მსოფლიოს და მსოფლიომაც არ დააყოვნა ჩვენთან მოსვლა. მსოფლიოსთან უფრო მტკიცე კავშირებს კი სარგებელი, პირველ რიგში, ჩვენი მოქალაქეებისთვის მოაქვს. მათი ეკონომიკური წარმატება არის როგორც საქართველოში, ისე მის საზღვრებს გარეთ მდგრადი კეთილდღეობის წინაპირობა. დღეს მე მოგმართავთ, როგორც ჩვენი ერის მსახური და მადლობას მოვახსენებ ყველას, ვისაც უყვარს და მხარს უჭერს საქართველოს.

დიდი მადლობა!

პრემიერის გამოსვლა გაერო-ს გენერალური ასამბლეის 72-ე სესიაზე

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ