ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის მიერ ნატო-საქართველოს კომისიის სხდომასთან დაკავშირებით ინფორმაცია გამოქვეყნდა

“საქართველო ნატოს ასპირანტი ქვეყანაა. 2008 წლის აპრილში  ბუქარესტში გამართულ სამიტზე ალიანსის წევრ სახელმწიფოთა და მთავრობათა მეთაურები შეთანხმდნენ, რომ საქართველო ნატოს წევრი გახდება. ეს გადაწყვეტილება ნატოს შემდგომ სამიტებზეც დადასტურდა”-ნათქვამია ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის მიერ ნატო-საქართველოს კომისიის სხდომასთან დაკავშირებით  გამოქვეყნებულ ინფორმაციაში, რომელიც ნატო-საქართველოს თანამშრომლობის ყველა ასპექტს მიმოიხილავს.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ნატო-საქართველოს კომისია წარმოადგენს პოლიტიკური დიალოგის ფორუმს, რომელიც ზედამხედველობას უწევს საქართველოსა და ნატოს შორის თანამშრომლობის განხორციელებას.

ხაზგასმულია წლიურ ეროვნულ პროგრამის მნიშვნელობა, რომელიც ითვალისწინებს მთელ რიგ რეფორმებს საქართველოს ევრო-ატლანტიკური მიზნების მისაღწევად.  ასევე საუბარია ნატო-საქართველოს არსებით ღონისძიებათა პაკეტზე,  რომელიც 2014 წელს ნატო-ს უელსის სამიტზე დამტკიცდა და  მიზნად ისახავს აამაღლოს საქართველოს თავდაცვისუნარიანობა და დაეხმაროს საქართველოს დაწინაურდეს ალიანსში გაწევრიანებისთვის მზადების პროცესში. აღნიშნულია, რომ პროგრამის ფარგლებში ამჟამად 14 სფეროში, მათ შორის ლოგისტიკისა და დაგეგმვის, ასევე კიბერ თავდაცვის სფეროში მიმდინარეობს კონსულტაციები და ტრეინინგები. „არსებით ღონისძიებათა პაკეტის ერთ-ერთ მთავარ ინიციატივას წარმოადგენს ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრი, რომელიც თბილისში, 2015 წლის აგვისტოში დაფუძნდა და საქართველოს უსაფრთხოებისა და თავდაცვის სექტორის რეფორმირებაში, მოდერნიზებასა და გაძლიერებაში ეხმარება. ცენტრი ხელს უწყობს თანამშრომლობის განმტკიცებას საქართველოს, ნატოსა და დაინტერესებული პარტნიორი ქვეყნების შეიარაღებულ ძალებს შორის და შავი ზღვისა და კავკასიის რეგიონში სტაბილურობის განმტკიცებას“-ნათქვამია ინფორმაციაში.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, ცენტრი ამჟამად „ნატო-საქართველოს ერთობლივი სამხედრო სწავლება-2019“-ის ჩასატარებლად  ემზადება, ასევე დაწყებულია სამეთაურო-საშტაბო სწავლების ცენტრის მშენებლობა.

ხაზგასმულია თავდაცვის სფეროში განათლებისკენ მიმართული ძალისხმევა და ამ მხრივ 2016 წელს დაფუძნებული თავდაცვის ინსტიტუციონალური აღმშენებლობის სკოლა, სადაც დაახლოებით 1000 მონაწილისთვის ორმოცზე მეტი ტრენინგი ჩატარდა. 

ალიანსის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ასევე საუბარია ნატო-საქართველოს თანამშრომლობაზე შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის და აღნიშნულია, რომ  საქართველო რეგულარულად მონაწილეობს შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების საკითხებზე ნატოს პოლიტიკურ-სამხედრო შეფასებებში. „გაძლიერდა კონტაქტები ნატოს საზღვაო ძალების სარდლობასა და საქართველოს სანაპირო დაცვას შორის. მოკავშირეები ახორციელებენ პროგრამებს საქართველოს თავდაცვისუნარიანობისა   და მდგრადობის გაძლიერების მიზნით“-ნათქვამია დოკუმენტში.

ნატო განსაკუთრებულად აფასებს საქართველოს მონაწილეობას ნატო-ს ოპერაციებსა და მისიებში. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ  870 სამხედრო მოსამსახურით, საქართველო ავღანეთში ნატოს „მტკიცე მხარდაჭერის მისიის“  რიგით მეოთხე უმსხვილესი კონტრიბუტორია.

განსაკუთრებით აღსანიშნავია საქართველოს მონაწილეობა საერთაშორისო უსაფრთხოების მხარდამჭერი ძალების (ISAF) ოპერაციაში, რომელიც  2014 წლის დეკემბერში დასრულდა.  აღნიშნულ ოპერაციაში მონაწილე ნატო-ს არაწევრ პარტნიორ ქვეყნებს შორის კონტინგენტის რიცხოვნობის თვალსაზრისით, საქართველოს პირველი ადგილი ეკავა.

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ