საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება გალის რაიონის სოფელ ნაბაკევთან ქართველი მგზავრების დაკავების შესახებ

2010 წლის 11 თებერვალს დღისით რუსეთის საოკუპაციო ჯარის წარმომადგენლებმა გალის რაიონის სოფელ ნაბაკევთან გააჩერეს ზუგდიდის მიმართულებით მიმავალი ხუთი მიკროავტობუსი, გვიან ღამით კი, გააჩერეს ავტობუსი და მიკროავტობუსი, რომლებითაც რამდენიმე ათეული ეთნიკური ქართველი მგზავრობდა. დაკავებულები გადაიყვანეს გალის რაიონის ე.წ. მილიციაში. ე.წ. "ჯარიმის" გადახდის შემდეგ დაკავებულები გაათავისუფლეს. ერთ-ერთი მიკროავტობუსის მძღოლი ჯანმრთელობის გაუარესების გამო გადაყვანილი იქნა გალის საავადმყოფოში.

რუსი ოკუპანტების ამგვარი ამორალური ქმედებები და უკიდურესად სახიფათო პროვოკაციები დასტურია იმისა, რომ ადამიანებზე ნადირობის გამოყენებით რუსეთი ოკუპირებულ ტერიტორიებზე ტოტალურ ტერორს ამკვიდრებს.

კრემლი დემონსტრატიულად არღვევს, საერთაშორისო სამართალსა და უგულველყოფს მსოფლიო საზოგადოების აზრს, არ ერიდება აშკარად ყაჩაღური მეთოდების გამოყენებას, რათა უკიდურესად დაძაბოს სიტუაცია საქართველოს ოკუპირებული რეგიონებსა და მათ მიმდებარე ტერიტორიებზე. დაუსჯელობის სინდრომმა და ყოვლისშემძლეობის ილუზიამ რუსეთის ხელისუფლების შეგნებაში იმდენად მოიკიდა ფეხი, რომ უკანონობა კრემლის პოლიტიკის ნორმად იქცა.

საქართველოს მხარე მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას, საერთაშორისო ორგანიზაციებს სათანადო შეფასება მისცენ რუსეთის ქმედებებს და გამოიყენონ მათ ხელთ არსებული ყველა საშუალება ამგვარი დანაშაულების აღსაკვეთად.

თბილისი, 2010 წლის 12 თებერვალი

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30        

ადამიანის უფლებები

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ