Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
world

ელჩმა, ირაკლი ყურაშვილმა გაცნობითი შეხვედრა გამართა ლატვიის სოფლის მეურნეობის მინისტრთან, დიდზის შმიტსთან.

  მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაფართოების შესაძლებლობები. საქართველოს ელჩმა განაცხადა, რომ აფასებს ლატვიასა და საქართველოს შორის არსებულ ეკონომიკურ, პოლიტიკურ და ინსტიტუციურ თანამშრომლობას, ასევე, მადლობა გადაუხადა ლატვიურ მხარეს, სოფლის მეურნეობის სფეროში ლატვიელი ექსპერტების გამოცდილების გაზიარებისა და საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობისთვის. მხარეებმა დაადასტურეს, რომ დაინტერესებულნი არიან ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომი განვითარებით, როგორც ვაჭრობის მოცულობის გაზრდით, ისე ინსტიტუციური თანამშრომლობით, რათა ლატვია დაეხმაროს საქართველოს განახორციელოს ღონისძიებები სურსათის უვნებლობის სისტემის განვითარებაში.

  სოფლის მეურნეობის მინისტრმა, დიდზის შმიტსმა განაცხადა, რომ ლატვია გააგრძელებს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერას და ასევე, მადლობა გადაუხადა ქართულ მხარეს სურსათის გამოფენა ,,Riga Food"-ში აქტიური მონაწილეობისთვის.

შეხვედრაზე საქართველოს ელჩმა და ლატვიის სოფლის მეურნეობის მინისტრმა კვლევებისა და განათლების სფეროში უკვე არსებულ თანამშრომლობაზეც ისაუბრეს. ელჩმა აღნიშნა, რომ საქართველო დაინტერესებულია ლატვიის ბიომეცნიერებათა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან სტუდენტთა გაცვლის სფეროში თანამშრომლობით.

  სოფლის მეურნეობის სფეროში საქართველოს სავაჭრო ბალანსი ლატვიასთან დადებითია. 2022 წელს საქართველოში 22 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების სოფლის მეურნეობის პროდუქცია იქნა ექსპორტირებული, რაც 82%-ით მეტია 2021 წელთან შედარებით. მეორე მხრივ, საქართველოდან სოფლის მეურნეობის პროდუქციის იმპორტმა 2022 წელს თითქმის 9 მილიონ ევროს მიაღწია, რაც, 2021 წელთან შედარებით, თითქმის 24%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.